ინციდენტი მოხდა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯარაფ ხანგოშვილმა განუცხადა, საკობიანოს მაცხოვრებლებმა ხმამაღლა ლოცვის გამო წინუბანის მეჩეთის მოლას სცემეს. საპირისპიროს ამბობენ საკობიანოს მაცხოვრებლები. მათი თქმით, სოფელში, დუისში მცხოვრები ქისტები მივარდნენ და ბავშვებს სცემეს.
„წუხელ გავიგე, რომ ჩვენი ბიჭები, ბევრნი გადასულან საკობიანოში და იქ რაღაც მომხდარა, მგონი იჩხუბეს. ესენი ამბობენ, გვავიწროვებდნენო. პრეზიდენტმა რომ თქვა ლოპოტას ამბების მერე, დამთავრდა ქისტობანა და პანკისობანა, ამ სიტყვებით გვაჯავრებდნენ და სულ ამ რეპლიკებს გვესროდნენო. ამიტომ, ბიჭების მთელი ამალა წასულა საკობიანოში," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებმა თამარ მარგოშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯარაფ ხანგოშვილის ინფორმაციით, საკობიანოელებმა მოლა ცემეს და მოსთხოვეს, ხმამაღლა არ ელოცა, ამის შემდეგ კი ქისტები საკობიანოელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„წინუბანში მოლა მეჩეთიდან ხალხს სალოცავად ხმამაღლა უხმობს, მიკროფონით, ეს ყველგან ასეა. საკობიანოელები მისულან და უქვამთ, ხმამაღლა რატომ ლოცულობ, დავიღალეთ შენი ყვირილითო, შეურაცხყოფა მიუყენებიათ და უცემიათ. მერე მოლას ქისტი ბიჭებისთვის უთქვამს და იმათ კიდევ საკობიანოელები უცემიათ. ბავშვების ცემაზე არაფერი გამიგია, რა შუაშია არიან ბავშვები, ეს ამბავი რელიგიის გამო მოხდა," - აღნიშნა ჯარაფ ხანგოშვილმა.
სოფელ საკობიანოს მკვიდრი ნუკრი ღუბიანური აცხადებს, რომ საკობიანოელების მხრიდან ქისტი ბიჭების შეურაცხყოფას და ეთნიკური ნიშნით ჩაგვრას ადგილი არ ჰქონია.
„გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე პანკისის ხეობიდან გადმოვიდნენ და 8-9 წლის ბავშვები, დავით ღუბიანური და რატი გიგაური ცემეს. ერთს ცხვირი აქვს გატეხილი და მეორეს ყური აქვს ახეული. როგორც თქვეს, ქისტი ბიჭები ჯერ მანქანებით დარბოდნენ სოფელში, მერე მანქანიდან გადმოვიდნენ და 8-9 წლის და უფრო პატარა ასაკის ბავშვებს, რომლებიც სტადიონზე ბურთით თამაშობდნენ, ცემეს. მიზეზი რა გახდა, არვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საკობიანოელების მხრიდან არავითარ ეთნიკური ნიშნით ჩაგვრას და შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ დაკავებული არის თუ არა ვინმე, არვიცი," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნუკრი ღუბიანურმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს.