საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ქარელში იმყოფებოდა, სადაც მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებზე უმუშევრობის შემცირებაზე, სოფლის მხარდაჭერაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და 1000 ლარიან ვაუჩერზე.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის რაიონში იგეგმება 5 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა. გარდა ამისა, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ფერმერების მიერ მიღებული ჭარბი მოსავლის ჩაბარებას და საზღვარგარეთ გატანას. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, უმუშევრობა დღეს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, რის გამოც მთავრობის ყოველი ნაბიჯის, საერთაშორისო ხელშეკრულების, შემოსული ინვესტიციის, განხორციელებული პროექტის წარმატებულობა განისაზღვრება შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობის მიხედვით. შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას საშუალება ექნება საკუთარ სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური 1000 ლარიანი ვაუჩერიდან დაფაროს, რომელიც მათ 1 იანვრიდან დაურიგდებათ.