საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა და იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ქალაქი ლაზიკა აშენდება. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პორტი ლაზიკას მშენებლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი იქნება. ახალ პორტში შესაძლებელი იქნება მაღალტონაჟიანი გემების მიღებაც, რასაც, დღესდღეობით, საქართველოს ვერც ერთი პორტი ვერ ახერხებს.
„აქ პორტის მთავარი მიზეზი და მიზანი ისაა, რომ ერთადერთი ყველაზე ღრმა კანიონი საქართველოში არის აქ, სადაც ჩვენ ვდგავართ. ეს არის 20 მეტრის სიღრმის კანიონი, შედარებისთვის ასეთი შავ ზღვაზე მხოლოდ ერთია - კონსტანცაში, რუმინეთში. არც ილიჩევსკი, არც ოდესა, არც ტრაპზონი, არც ოჩამჩირე, არც სხვა ჩვენი პორტები ამ სიღრმის არ არის. რაც მთავარია, აქაურობას დიდი ზურგი აქვს - ძალიან დიდი ტერიტორიაა მთებამდე, სადაც შეგვიძლია საწყობები გავაკეთოთ, საწარმოები ჩავდგათ, ლოჯისტიკური ცენტრები გავაკეთოთ. თქვენ იცით, რომ წყალსადენს, კანალიზაციას ვაკეთებთ, ავტობანი გაგვყავს ფოთზე, ფოთში შენდება აეროპორტიც, რომელიც გაზაფხულზე ამოქმედდება... რეალურად, ეს ადგილი, ფოთი და ზუგდიდი ერთმანეთის გაგრძელებაა. ფოთში ახლა დავიწყეთ კარბამიდის დიდი ქარხნის მშენებლობა და იქ ათასი კაცი ეგრევე დასაქმდება. ამ ქარხნის მშენებლობაში, დაახლოებით, მილიარდიანი ინვესტიცია იდება. იგეგმება ასევე ფოთის პორტის გაფართოება, რომელიც სრულიად სხვა პროფილის პორტია. პორტი ლაზიკა კი საქართველოს სჭირდება, თუკი გვინდა, რომ დიდი შემოსავალი გვქონდეს. ამ პორტის მშენებლობაზე 1500-2000 ადამიანი დასაქმდება. შემდეგ კი შექმნის 4000-8000 სამუშაო ადგილს შექმნის ლოჯისტიკისა თუ სხვა მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ვაპირებთ ჭაობების დაშრობას და ამას მიებმება ქუჩების, ბიზნეს ცენტრის და სხვა ობიექტების მშენებლობა. ავაშენებთ მერიასაც - ქალაქს მერია ჭირდება იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს. არის აქ რამდენიმე სასტუმრო. დაახლოებით 10 სასტუმრო იქნება უკვე მომავალი წლის დამლევს. რკინიგზა აქ ერთ წელიწადში მოვა. ექნება თავისი აეროპორტიც. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ აშენდეს ახალი ქალაქი. თქვენ ნახეთ, რომ სამუშაოები გაკეთებულია, რამდენიმე კვირაში კი პირსების მშენებლობასაც დავიწყებთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ გემების შემოსვლას ტალღებმა არ შეუშალოს ხელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებთან ერთად ლაზიკის პირველი ადმინისტრაციული შენობაც დაათვალიერა. 1500 კვადრატული მეტრის ფართობის შენობაში, რომელიც ორიგინალური კონსტრუქციის შუშის ნაგებობაა და ქართველი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული, ახალი ქალაქისა და პორტის ადმინისტრაცია განთავსდება. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ახალი ეკლესიის მშენებლობაზეც ისაუბრა და ყურადღება მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არქიტექტურული თვალსაზრისით, ახალი ტაძარი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ისტორიული ტაძრის, ბანას ზუსტი ასლი იქნება.
„ეს არის მხოლოდ დასაწყისი, რადგან უკვე ჩამოდის ბევრი უცხოელი ინვესტორი. ამ თემაზე პირველი პრესკონფერენცია უკვე გავმართეთ ანაკლიის სასტუმროში. აუცილებელია, რომ სადღაც იყოს ადგილი კონტრაქტების გასაფორმებლად და სამუშაოდ. ახლა აქ ბევრ ახალგაზრდას ავიყვანთ - იურისტებს, ეკონომისტებს... ამიტომ, პირველი შენობა გვჭირდებოდა და რეალურად, ეს არის მათი ადმინისტრაციული ცენტრი, ბიზნესცენტრი, ბიზნესის განვითარების ცენტრი. აქ ჩამოვიყვანთ ინვესტორებს, ჩავადებინებთ ფულს, დავასაქმებინებთ ხალხს და გავმართავთ საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებას. აქ გაფორმდება ყველა დოკუმენტი. ამას გარდა, ხვალ აქ ვიწყებთ ეკლესიის მშენებლობას, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ტაძრის - ბანას ეკლესიის ასლი იქნება. ასევე გვყავს ინვესტორები, რომლებიც ზღვის სიღრმეში აშენებენ მაღალ სასტუმროს. ასე რომ, ნელ-ნელა აქაურობა დუბაის დაემსგავსება", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.