გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.
შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი არჩილ კალანდაძე, რომელიც მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხის გადამამუშავებელი საამქროების მეპატრონეებს ხელშეუხებლობასა და მოსალოდნელი პრობლემების მოგვარებას პირდებოდა, ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა ფულს.
დაკავებული პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიმდინარეობს.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ქრთამის არაერთგზის აღება თავისუფლების 11 წლამდე აღკვეთით ისჯება.