დღეს, 19 სექტემბერს, "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტის ფარგლებში, ბიზნესცენტრები საქართველოს კიდევ სამ სოფელში გაიხსნება. აღნიშნული სამსახურები აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით და უზრუნველყოფილია სწრაფი ინტერნეტით.
19 სექტემბერს ბიზნესცენტრები გაიხსნება თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში და ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში.
აღნიშნულ სოფლებში მდებარე ბიზნესცენტრებში ადგილობრივი მკვიდრები დასაქმდებიან, როლებიც თანასოფლელებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში დაეხმარებიან. კომპიუტერის კურსის ფასი თვეში 5 ლარი იქნება. გარდა ამისა, ბიზნესცენტრი სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე მუშაობს ათობით ბიზნესცენტრი, ყვარელის რაიონის სოფელ ჭიკაანში, ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ჭითაწყარში, ცაიშში, ჭკადუაშში, კოკში. ანალოგიური სამსახური გაიხსნა ანაკლიაშიც; წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში; ხობის რაიონის სოფლებში - ხამისქურში, პირველ მაისში, ახალსოფელსა და შავღელეში და თელავის რაიონის სოფლებში: იყალთოში, კისისხევში, შალაურში, აკურაში და სხვა სოფლებში; ხობის რაიონის სოფლებში: საჯიჯაოში, ახალი და ძველ ხიბულაში, წალენჯიხის რაიონის სოფლებში: ნაკიფუში, საჩინოსა და ჯგალში; ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში: მუხურში, ნაფიჩხოვოში, კირცხსა და ხაბუმეში; ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში; მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში; გურჯაანის რაიონის სოფლებში: ველისციხეში, კარდენახში, არაშენდასა და ვეჯინში.
"კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიზნესცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
პროექტის პირველ ეტაპზე 300 სოფელში 600 ადამიანი დასაქმდება. ცნობისთვის, 2012 წლის 10 მაისს, ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" დაფუძნების დოკუმენტი გაფორმდა. საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში, პირველი ცენტრის გახსნაც 10 სექტემბერს ამავე რაიონში სოფელ ჭიკაანში შედგა.