რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების ელჩი პიტერ იან ლაგერბერგი და საელჩოს თანამშრომელი პოლიტიკურ საკითხებში მარკ ვან ემბდენ ანდრესი იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ელჩი აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს ლეონიდ ლაკერბაიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას უკვე შეხვდა.
"მე აქ უპირველეს ყოვლისა გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ვარ ჩამოსული, იმისათვის რათა ვნახო რა სიტუაციაა აფხაზეთში და როგორ ვითარდება იგი. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვთანამშრობთ გაეროსა და დევნილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის სააგენტოებთან და ამიტომაც ჩემი ვიზიტი ასევე სამუშაო ხასიათისაა - უნდა ვნახოთ თუ რაში ხარჯავენ ისინი იმ ფულს, რომელსაც ჩვენ მათ ვაძლევთ", _ განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ამ დილით იგი სოფელ ჭუბურხინჯში იმყოფებოდა და იქ მშენებარე ქვეითთათვის განკუთვნილი ხიდი დაათვალიერა.