ანა ლომინაძეს „ხელფეხშეკრული კოლხურით" დარდანელის სრუტის გადაცურვაზე უარი უთხრეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ანა ლომინაძის მწვრთნელმა ჰენრი კუპრაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, მარათონული გადაცურვის ორგანიზატორებმა Wilusa Tours-ის (http://www.wilusa.net) დირექტორმა აჰმეტ ჯელიკმა (Ahmet CELIK) და Turkish Rotari Clab-მა უარი განაცხადეს ანა ლომინაძის მარათონში ხელფეხშეკრულით ჩართვაზე (თუმცა მათ თანხმობა განცხადეს მან იცურაოს თავისუფალი სტილით), მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარვადგინეთ ყველა საბუთი (ჯანმრთელობის მოწმობა, მოცურავის ლიცენზია, მშობლების თანხმობა და სხვ.) და მზად ვართ გადავიხადოთ დადგენილი ფულადი თანხა 330 ინგლისური ფუნტის ეკვივალენტი თურქულ ლირაში.
"კერძო საუბარში ფირმის ერთერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა: ეს ჩვენი ბიზნესია, მარათონში მონაწილეობს 500 სპორტსმენი, რომლებიც თავისუფალი სტილით ცურაობენ, ჩვენი ბიზნესი შეფერხდება, რადგან პერსპექტივაში მარათონი აზრს დაკარგავს თუ კი ამ მარათონს 17 წლის გოგონა ხელფეხშეკრული გადაცურავს, თანაც 90 წუთში ჩაეტევაო. ეს დანარჩენი მარათონელების ერთგვარი დაცინვაც გამოდისო.
ანა ლომინაძე ბრწყინვალე ფორმაშია. დარდანელზე ვარჯიშისას სატესტო გაცურვაზე უჩვენა კარგი შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დადგენილი მარათონული დისტანციის 4,5 კილომეტრი შეუძლია დაფაროს 90 წუთზე ბევრად ნაკლებ დროში.
ჩვენი საკონსულო სტამბოლში მხარში გვიდგას და ცდილობს საკითხის მოგვარებას. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი სახელმწიფოსი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ანა ლომინაძის მწვრთნელმა ჰენრი კუპრაშვილმა.