თბილისის მერის მოადგილე დავით ნინიძე ოპოზიციას საბავშვო ქალაქ "მზიურში" ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის თემის პოლიტიზებას არ ურჩევს.
"ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიზება და პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მთლად მართებული არ არის, რადგან ეს ისეთი ინფრაქსტუქტურული პროექტია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თბილისის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას", - განუცხადა უგულავას მოადგილემ ჟურნალისტებს ალასანიას განცხადების კომენტირებისას.
რაც შეეხება ალასანიას იმ განცხადებას, რომ დედაქალაქის მერიას "მზიურში" შესაბამისი სამუშაოს ჩატარების გეგმა არ გააჩნია, ნინიძე აცხადებს, რომ ეს თბილისის გენერალურ გეგმაშია გაწერილი.
"თბილისი გენერალური გეგმა არის ქალაქის მთავარი დოკუმენტი. ამაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ არსებობს. მშენებლობა კი სწორედ გენერალურ გეგმაშია გაწერილი", - აცხადებს დედაქალაქის მერის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დედაქალაქის მერიას საბავშვო ქალაქ "მზიურის" ტერიტორიის "განადგურებაში" ადანაშაულებს.
ალასანიამ "მზიურში" ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დღეს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან ერთად პირადად დაათვალიერა.
მისი განმარტებით, მაგისტრალის მშენებლობა გენერალურ გეგმაში გაწერილი არ არის, შესბამისად, პროექტი უკანონოა.
"მინდოდა მენახა, როგორ მიმდინაორებს სამუშაო და დავრწმუნებულიყავი, რომ მშენებლობა დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას ზიანს არ მოუტანს. ვეთანხმებით იმ აზრს, რომ დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისთვის სხვადასხვა ღონისძიება უნდა ჩატარდეს, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მით უმეტეს ასეთი მასშტაბურ მშენებლობა, წინასწარ კვლევებზე უნდა იყოს დამყარებული. ამ შემთხვევაში ხეობა ნადგურდება და მაგისტრალის მშენებლობის გადაწყვეტილებაც სპონტანურადაა მიღებული", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.