საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც ბოლო ათი დღის განმავლობაში თელავში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, თელავი დატოვეს და დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.
შეგახსენებთ: სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურებს, თელავში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ გასაჭირში, ომში თუ მშვიდობაში, პირველი დამხმარე ჩვენი ხალხის, არის საქართველოს შეიარაღებული ძალები და თითოეული თქვენგანი. აქ თქვენ ხართ ჩვენი შეიარაღებული ძალების, საუკეთესო საბძოლო შენაერთების წარმომადგენლები. თქვენ სხვადასხვა ვითარებაში მოგიწიათ თქვენი მოვალეობის შესრულება. ბევრი თქვენგანი ახლახან არის დაბრუნებული ავღანეთის ომიდან, ბევრიც ახლა მიდის. ბევრი თქვენგანი იყო 2008 წელს და გადაარჩინა საქართველოს სუვერენიტეტი, ასჯერ მეტ აღმატებულ მტერთან ბრძოლაში და დღეს საქართველო რომ დგას, ეს არის თქვენი დამსახურება. და ბოლოს, როდესაც კახეთს დაატყდა ამხელა ბუნებრივი უბედურება, რომელიც მართალია ადამიანის მსხვერპლი აგვაცილა ღმერთმა თავიდან, მაგრამ მატერიალური ზიანით არ ჩამოუვარდება იმ ზიანს, რომელიც მოგვაყენა 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, თქვენ შემოხვედით აქ პირველები და პირველები გადიხართ აქედან, მაგრამ გადის ფორმიანი ადამინი. მეც ფორმა ჩავიცვი თქვენი დიდი პატივისცემის ნიშნად და თქვენ მოგყვებიან სხვა ფორმიანი ადამიანები, რომლებიც თელავს ააშენებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.