პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მიერ აშშ-ისთვის შეთავაზებულ წინადადებებს "ლოგიკურად" აფასებს, თუმცა ეჭვობს, რომ მასზე შეერთებული შტატები არ წამოვა.
"ვფიქრობ, აღნიშნული შეთავაზება ლოგიკურია, რამდენდაც რუსეთმა უარი განაცხადა ავღანეთში შესაბამისი სამხედრო ძალებისთვის ტვირთების გადაზიდვის განხორციელებისთვის შეერთებული შტატებისთვის დერეფანი საკუთარ ტერიტორიაზე გამოეყო. ცხადია, ახლა აშშ იმის ძიებაშია, რომ ავღანეთის ძალებისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად რამდენიმე მარშრუტი და ალტერნატივა გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შესაბამისი წინადადების შეთავაზება ლოგიკური იყოო", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სესიაშვილმა.
რაც შეეხება ქართული მხარის წინადადებაზე შეერთებული შტატების სავარაუდო პოზიციას, პოლიტოლოგის ვარაუდით, აშშ-ს რუსეთის ფაქტორი სერიოზულად შეუშლის ხელს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას დადებითად უპასუხოს.
"ჩვენი ტერიტორია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეერთებული შტატებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს, თუმცა რუსული ფაქტორი ხელს შეუშლის მას ამ ინიციატივას დათანხმდეს.
ვფიქრობ, შტატების მიდგომა ძალიან თავშეკავებული იქნება, მით უფრო, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა ჯერ მინიმალურ დონეზეც არ არის ჩამოყალიბებული", - განმარტა სესიაშვილმა.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი ავღანეთში სამხედრო ტვირთების საქართველოს გავლით შესაძლო გადაზიდვაში გარკვეულ საფრთხებსაც ხედავს და აღნიშნულის კონტექსტში, მიხეილ სააკაშვილს მკაცრად აკრიტიკებს, რომ შესაბამისი წინადადების უცხოური მედიის საშუალებით გაჟღერებამდე საკითხზე საუბარი საქართველოში არ მომხდარა.
"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა კარგია, მაგრამ საქართველომ საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის წინაშე სერიოზული საფრთხეები არსებობს, როცა ვერ ვაკონტოლებთ ტერიტორიებს, დაუცველია ჩვენი საზღვრები, რა თქმა უნდა, საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა ტერიტორისტებთან ითანამშრომლოს და ხელი შეუშალოს ქართულ--ამერიკულ კავშირებს (მით უფრო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლო პერიმეტრი ძალიან დიდია), მაღალია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სთავაზობს გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია და სატრანსპორტო ინფრატრუქტურა სატრანზიტო პუნქტად, ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად. ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკული საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" -ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ამისა, საქართველო მზადაა დასავლეთის ქვეყნების გემებს შავ ზღვაზე არსებული თავისი პორტებით სარგებლობის უფლება მისცეს, ასევე ნება დართოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს დაეშვან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე გამართვისათვის.