დღეს სოხუმში ჟენევის საერთაშორისო პროცესის თანათავმჯდომარეები _ პიერ მორელი (ევროკავშირი), იოჰან ვერბეკე (გაერო), ხარლამოს ხრისტოპულოსი (ეუთო) აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში ვიაჩესლავ ჩიკირბას და აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მაქსიმ ღვინჯიას შეხვდნენ.
"აბაზა-ტვ"-ის ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო პროცესის თანათავმჯდომარეებმა აფხაზურ მხარეს მათი მომზადებული, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ხელმოსაწერი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი წარუდგინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 11 ნოემბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განხილვის საგანი გახდება.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრების გარეშე, დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა შემდგარ კონსულტაციებს პოზიტიური უწოდა და აღნიშნა, რომ "ჟენევაში დაგეგმილი სხდომის გამართვამდე ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი".
"ძალიან ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის შესახებ. ვუახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას, კერძოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას საერთაშორისო გარანტიებით, რომლიც მიღებასაც ჩვენ ამდენ ხანს ვითხოვდით. დოკუმენტი ჯერ მზად არ არის. შეხვედრაზე მხოლოდ მომავალი დოკუმენტის მონახაზი განვიხილეთ", _ განაცხადა ჩიკირბამ.