ტელეკომპანია "მაესტრო" ჟურნალისტებზე ბოლო დროს გახშირებულ ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს სპეციალურ განცხადებით მიმართავს:
"მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს: სამართალდამცავები აგრძელებენ "მაესტროში" მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას. არ წყდება ფიზიკური და მორალური ზეწოლა კორესპონდენტებზე. დღეს საღამოს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე დევნილების აქციის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია "მაესტროს" ოპერატორს გიორგი ბაზალს, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა, რისი დამადასტურებელი ვიდეოფირიც არსებობს, გარდა ამისა, საავადმყოფოში მისულ პოლიციელებს ჰქონდათ მცდელობა, გიორგი ბაზალის მიერ კანონმდებლობის არასრულად ცოდნა გამოეყენებინათ სათავისოდ და აეღოთ მისგან ჩვენება ადვოკატის გარეშე. ასევე, ორი დღის წინ, 26 იანვარს, ჩვენს ჟურნალისტს თეონა ლალიაშვილს, რომელიც თავის ოპერატორთან ერთად შემთხვევით შეესწრო მოქალაქის დაკავებას, შიანაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით წაართვეს ფირი, რომელზე აღბეჭდილი მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტროში წაშალეს და კასეტა ისე დააბრუნეს. დღესვე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ნინო საყვარელიძე, რომელიც თავის ოპერატორთან ერთად იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობის გარე ხედებს, რაც კანონით აკრძალული არ არის, მოხვდა იგივე უწყების თანამშრომლების ზეწოლის ქვეშ. "მაესტროს " ჟურნალისტი ნინი საყვარელიძე აიძულეს შესულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობის ეზოში განთავსებულ დაცვის ჯიხურში, სადაც აიძულეს გადაღებული ვიდეომასალა წაეშალა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ჟურნალისტები გაათავისუფლეს.
საქართველოში ობიექტური ჟურნალისტური საქმიანობის წარმოება ყოველდღიურად სახიფათო ხდება. ამ მიმართვის ყველა ადრესატს ვთხოვთ, კანონით არსებული ყველა საშუალების გამოყენებას საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის აღსაკვეთად".