შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი P-24 ,,სოხუმი" საერთაშორისო საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთსა და უკრაინაში გაემგზავრა. საზღვაო წვრთნები ,,Black Sea Hawk 2012" 2 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით, თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ორგანიზებით, შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის უწყებების თანამშრომლობის ფორუმის ,,BLACKSEAFORUM" ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთში სანაპირო დაცვის ორი ოფიცერი დამკვირვებლის სტატუსით იყო მიწვეული. თურქეთისა (მასპინძელი ქვეყანა) და საქართველოს გარდა სწავლებაში ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ხომალდმა ,,სოხუმი", მონაწილეობა მიიღო პრაქტიკულ წვრთნებში, რომელიც ერთობლივ მანევრირებას, ტერორიზმისგან თავდაცვას (მცირე ზომის კატარღების თავდასხმა) და კანონაღსრულებით ღონისძიებებს (სააბორდაჟო ოპერაცია) მოიცავდა.
9 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ხომალდი ,,სოხუმი", უკრაინაში მონაწილეობას მიიღებს ,,პარტნიორობა მშვიდობისთვის" (PFP) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ წვრთნებში ,,Sea Breeze 2012". სწავლება მოიცავს შემდეგი სახის მეცადინეობებს: ერთობლივი მანევრირება, დამრღვევი გემის აღმოჩენა, დევნა, დაკავება და სააბორდაჟო ოპერაციები, სვლაზე ტვირთის გადაცემა, ბუქსირება, ტერორიზმისგან თავდაცვის ოპერაცია, მცირე ზომის კატარღებისაგან თავდაცვა, შუქნიშნებით სიგნალების გადაცემა, საზღვაო თავდაცვა შენაერთის შემადგენლობაში, საზღვაო სივრცის მონიტორინგი.
საერთაშორისო საზღვაო წვრთნები 22 ივლისს დასრულდება