საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური მარკ ჰერტლინგი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, წვრთნებსა და სამხედრო დოქტრინების განვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიაში. გენერალ-ლეიტენანტმა მარკ ჰერტლინგმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო.
დღესვე ამერიკელმა გენერალმა შეხვედრები გამართა მინისტრის მოადგილესთან მაია სიფრაშვილ-ლისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსთან გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძესთან და გაერთიანებული შტაბის სხვა მაღალჩინოსნებთან. ვიზიტის ფარგლებში იგი აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრისა (JMRC) და საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) მიერ ქართველი სამხედროებისთვის ორგანიზებულ სემინარს დაესწრო.
ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ამერიკული ჯარების ოპერაციების კოორდინაციაზე 51 ქვეყანაში. ევროპაში ამერიკული არმია წვრთნის და მართავს შეიარაღებულ ძალებს ევროპაში ამერიკული სარდლობისა და შტაბის მხარდასაჭერად წვრთნების საშუალებით და ამზადებს ძალებს გლობალური საქმიანობისათვის. გარდა ამისა, ევროპაში აშშ-ის არმია აძლიერებს ალიანსს და აგებს პარტნიორთა შესაძლებლობებსა და სიმძლავრეს, რაც აგრეთვე გამოიხატება ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა წვრთნაში, რომლებიც გადიან ოთხკვირიან წვრთნებს ჰოჰენფელსში, გერმანიაში, ავღანეთში მისიის დაწყებამდე.
ევროპაში ამერიკული არმიის მეთაურად გახდომამდე გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის წვრთნებისა და დოქტრინის სარდლობის მეთაურის მოადგილედ. მანამდე იგი მსახურობდა პირველი ჯავსანსატანკო დივიზიის მეთაურად, როდესაც სამსახურის უმეტესი ნაწილი ერაყში გაატარა.
შეგახსენებთ, რომ გენერალ-ლეიტენანტი ჰერტლინგი საქართველოდან 18 ივლისს გაემგზავრება.