საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის პატივისცემისა და დაცვის პირობას იძლევა.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა.
"აფხაზები წარმოადგენენ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურ ენას მიენიჭა სახელმწიფო ენის სტატუსი. აფხაზური ენის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აფხაზური ენის პატივისცემას, დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას", - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში.
მასში განმარტებულია, რომ მოხდება კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვა და შენარჩუნება, რაც ენისა და ტრადიციების დაცვას, ხელოვნებისა და ლიტერატურის წახალისებას გულისხმობს, მაგრამ ხსენებული სფეროებით არ შემოიფარგლება.