ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა, მემარცხენე პოლიტიკოსმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე, არათანმიმდევრული ვადით დარჩება. მან ულტრამემარჯვენე ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ვაჟი, სენატორი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა.
საარჩევნო ორგანოს მონაცემებით, ლულამ ხმების 51.8% მიიღო, მისმა მეტოქემ კი - 48.2%. გამარჯვებულსა და მის კონკურენტს შორის სხვაობა დაახლოებით 4.4 მილიონი ხმა იყო. ამის შესახებ Associated Press
მეორე ტურში გამარჯვება ლულასთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაბრუნებაა. პირველ ტურში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა, ფლავიო ბოლსონარუმ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა და ხმების დაახლოებით 47% მიიღო, ლულამ კი - 45%. თუმცა, მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მეტოქის დამარცხება შეძლო.
ფლავიო ბოლსონარუმ განაცხადა, რომ დამარცხებას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, მიუღებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, კრისტიანუ ზანინის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც კენჭისყრის პროცესი ორი საათით გახანგრძლივდა.
Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილება ლულას საარჩევნო შტაბის მოთხოვნის შემდეგ მიიღეს. ლულას მხარე მიუთითებდა, რომ ბაიის შტატის რამდენიმე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხების გამო ამომრჩეველთა ნაწილს ხმის მიცემა უჭირდა. ბოლსონარუმ კი განაცხადა, რომ შედეგების აღიარება შეუძლებელია და მათ გასაუქმებლად სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.
ლულას გამარჯვება სამხრეთ ამერიკაში მემარჯვენე ძალების გაძლიერების ფონზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. ბოლო პერიოდში რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენე ან მემარჯვენე-ცენტრისტმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რომელთა ნაწილიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენს.
ფლავიო ბოლსონარუ ვაშინგტონთან ურთიერთობების გაღრმავებას უჭერდა მხარს. ლულა კი ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკას აკრიტიკებდა და ბრაზილიის სუვერენიტეტის დაცვას წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად წარმოაჩენდა.
გამარჯვების შემდეგ ლულამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობას გაზრდის. მან ასევე ხაზი გაუსვა ბრაზილიის დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანა არავის „უკანა ეზო“ არ გახდება.
ლულას ახალი საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის იანვარში დაიწყება. მის მთავარ გამოწვევებად რჩება ცხოვრების გაძვირებითა და კრიმინალით გამოწვეული უკმაყოფილების შემცირება, სახელმწიფო ფინანსების მართვა და სოციალური პროგრამების შენარჩუნება.