საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს მაღალი ხარისხის ჯანდაცვას, ასევე სოციალური დაცვისა და შეღავათების სახელმწიფო სისტემაში ჩართვას სთავაზობს.
"1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უზრუნველყოფა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი უფლებით; 2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ღონისძიებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; 3. სათანადო მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს ჯანდაცვის მომსახურეობით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე; 4. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩართვა საქართველოს სოციალური დაცვისა და შეღავათების სისტემაში", - ეს იმ წინადადებების ნაწილია, რომელთაც მათ ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების ვაქცინაციის, პანდემიაზე რეაგირების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, ჰეპატიტისა და ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებში ჩართვაზეც იღებს პასუხისმგებლობას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წინადადებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა.