საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განმარტებით, ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მთავრობის და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმში მონაწილეობით საშუალება ეძლევათ ახალ, დიდი ბაზარზე გავიდნენ.
"ქართველ მეწარმეებს შეექმნათ უნიკალური შანსი, მონაწილეობა მიიღონ ძალიან დიდი ბაზარში. ეს არის 47 მილიარდიანი ბაზარი. ქართველ მეწარმეებს აქვთ პრიორიტეტული საშუალება ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ 47-მილიარდიან ბაზარში. ეს არის გაცილებით მეტი ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე რეგიონი ჩვენს გარშემო. იმისათვის, რომ მოახდინონ მეტი ქართული პროდუქციის ექსპორტი, რაც არის დამატებით საფუძველი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის. რაც არის საშუალება იმისა, რომ ამით მეტი სიკეთე მოვუტანოთ საქართველოს მოქალაქეებს",- განაცხადა მერაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 10-11 ივლისს, თბილისი საქართველოს მთავრობის და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმს მასპინძლობს. ამერიკის თავდაცვის ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს ასობით დასახელების პროდუქციის შესყიდვას პირველადი კონტრაქტორების მეშვეობით, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან სიმპოზიუმზე.
ა.შ.შ.-ის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, პენტაგონს უფლება აქვს, პროდუქცია შეიძინოს საქართველოში. აღნიშნულ სიმპოზიუმზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ამერიკის თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტთან და მის პირველად კონტრაქტორებთან ბიზნესის წარმოების მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ ეს სიმპოზიუმი არის გაცნობითი სახის ღონისძიება, სადაც მოხდება პოტენციური მიმწოდებლების იდენტიფიცირება და არა უშუალოდ კონტრაქტების გაფორმება.
ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პირველად კონტრაქტორებთან წარმატებული თანამშრომლობა, კომპანიებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება ახალი ბაზრებზე გასასვლელად და პროდუქციის რეალიზებისთვის. ასევე, პროდუქციის ხარისხის და სტანდარტის ასამაღლებლად, რაც მნიშვნელოვანია სხვა ბაზრების (მათ შორის, ა.შ.შ.-ის, ავღანეთის, ერაყის) ასათვისებლად.
სიმპოზიუმის პირველი დღე (10 ივლისი) ძირითადად დაეთმობა ამერიკული მხარის და მათი პირველადი კონტრაქტორების პრეზენტაციებს, რომლის დროსაც, წარმოდგენილი იქნება ის სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, მათთან ბიზნეს-თანამშრომლობის დასამყარებლად.
ამავე დღეს, სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება მოწვეული კომპანიების პროდუქციის გამოფენა. კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენისას უნდა გაითვალისწინონ საგამოფენო სივრცის სიმცირე.
სიმპოზიუმის მეორე დღეს (11 ივლისი), კომპანიები განაწილდებიან პროდუქციის წარმოების (სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, კვების პროდუქტები და ა.შ.) მიხედვით და პირველადი კონტრაქტორები გამართავენ მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, რომელიც გაგრძელდება 10-15 წუთის განმავლობაში.