"ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს საფრანგეთში სომხების გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის შესაძლო განმეორებით განხილვას", _ ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა გააკეთა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში კანონპროექტი, რომელიც სომხების გენოციდის უარყოფის გამო პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, კვლავ დღის წესრიგში დგას.
თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თურქეთი ნაჩქარევ ნაბიჯებს არ გადადგამს და მოარულ ხმებს არ დაეყრდნობა.
"საფრანგეთის პრეზიდენტთან ბოლოს გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გამყარებისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმაზე შევთანხმდით", _ განაცხადა გიულმა და ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრისას ასევე აღინიშნა ის, რომ ორ ქვეყანას თავისი ურთიერთობების საკითხში ახალი ფურცლის გახსნა სურს.
აღსანიშნავია, რომ "ფრანს პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც სომხების გენოციდის უარყოფის გამო პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
ამგვარი კანონის მომზადება, საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იყო ერთ-ერთი წინასაარჩენო დაპირება ფრანსუა ოლანდისა, რომლის შესრულებასაც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვრის ბოლოს საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი კანონით აღიარებული გენოციდების და მათ შორის სომხების გენოციდის უარყოფის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. დოკუმენტი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 45 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ ეს კანონი არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ვინაიდან ის "სიტყვისა და კომუნიკაციების თავისუფლებას ემუქრება". ამის მიუხედავად, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ამ პროექტის ინიციატორია, მთავრობას კანონის ახალი ტექსტის შემუშავება დაავალა.