უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები შიშობენ, რომ სოჭში 2014 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების შემთხვევაში, საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორება შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა დავით ბერიტაშვილმა დღეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი 2014 წლამდე არ მოხდება კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში ვითარების დარეგულირება, ქართულმა მხარემ სოჭში ოლიმპიადის ჩატარება არ უნდა დაუშვას.
"რუსეთის მაქსიმალურად შეეცდება, ოლიმპიადის პერიოდში რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი ჩავიდეს აფხაზეთში, მოხდეს კავშირების დამყარება, რაც საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორების შეუქცევად პროცესს დაუდებს საფუძველს~, - განაცხადა ბერიტაშვილმა.
მისი თქმით, მხოლოდ რეგიონის დემილიტაცია და იქ საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება, დევნილების ღირსეული დაბრუნება და რუსეთის მხრიდან აღიარების უკან წაღება მოაქცევს სოჭში დაგეგმილ ოლიმპიადას "ოლიმპიადის ჩარჩოებში".