"ჰაერის მუდმივი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს", - აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის" მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ქლორის გაჟონვის ფაქტის საპასუხოდ და აღნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა ტექნოგენური კატასტროფაა.
,,ის რაც ლილოს დასახლებაში მოხდა ტექნოგენური კატასტროფაა, რადგან შემთხვევის შედეგად დაზარალდა ხალხი და რეალური პრობლემა შეექმნა ქალაქის ამ ნაწილს. საწარმოს უნდა ჰქონოდა "გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა", რაც სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, საწარმოს არ ჰქონდა. აღნიშნული კანონმდებლობით განისაზღვრება, თუ სად უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს ასეთი ტიპის საწარმოები. იმის გამო, რომ აღნიშნული საწარმოები ხელისუფლებას გათავისუფლებული ჰყავს ასეთი სახის ნებართვებისგან, შესაბამისად არ ხდება სტანდარტების დაცვა და არ დგინდება რამდენად დასაშვებია მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს", _ განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ლილოს ტერიტორიაზე ჰაერი უსაფრთხო იყოს, მაგრამ აუცილებელია ჰაერზე მონიტორინგის განხორციელება.
"სრულიად შესაძლებელია, რომ ლილოს ტერიტორიაზე ჰაერი უსაფრთხო იყოს, მაგრამ ჩვენ მოდუნებისა და დაწყნარების უფლება არ გვაქვს, პირიქით უნდა მოხდეს ჰაერის მუდმივი მონიტორინგი", _ განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, ლილოს დასახლებაში, შპს კრისტალის ტერიტორიაზე, რკინის ცილინდრიდან ქლორმა გაჟონა, რის შედეგადაც 73 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევის შედეგად მძიმეა 18 წლის ლაშა ნარიმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.