პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ საყოველთაო გაწვევაზე უარია არ უნდა თქვას.
ამის შესახებ მან ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა იგეგმება თუ არა არმიის რეფორმა.
,,იტყვის თუ არა უარს მთავრობა გაწვევის სისტემაზე და იფიქრებს თუ არა იგი მცირერიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი, კვალიფიციური საკონტრაქტო ჯარის ჩამოყალიბებაზე. იგეგმება თუ არა ჯარის რაოდენობის რედუცირება საკონტრაქტო არმიის ხარჯზე?" _ მიმართა ვანო მერაბიშვილს ლალიაშვილმა და დასძინა, რომ მრავალრიცხოვანი არმიის ყოლა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ხელს არ უწყობს.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გამორიცხა, რომ საქართველოს მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს. მის თქმით, საქართველოს რეგიონში ნებისმიერ მეზობელთან შედარებით, ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ჰყავს.
,,რაც შეეხება, საყოველთაო გაწვევას, მასზე უარს ალბათ ვერ ვიტყვით, რადგან საქართველოსთანა ქვეყნისათვის ფართო რეზერვების მქონე ჯარის ყოლა აუცილებელია", _ აღნიშნა მერაბიშვილმა.
მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას, პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაე დაამტკიცებს.