ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უნივერსიტეტის კადეტებმა ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი დაასრულეს. წვრთნების დასრულების საზეიმო ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე გაიმართა. ამერიკელ კადეტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
სამხედრო უნივერსიტეტის 28 კადეტი სამთო მომზადების სკოლაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა. ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი 4 ივნისს დაიწყო და 23 ივნისს დასრულდა. 3 კვირის განმავლობაში კადეტები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ.
სკოლის ინსტრუქტორებმა მომავალ სამხედროებს მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა შეასწავლეს. ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციას ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ.
კურსის ფარგლებში კადეტებმა ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით ტექნიკური ცოცვა და სხვადასხვა სირთულის სიმაღლეებიდან დაშვებაც განახორციელეს.
კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.