საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი იმყოფება. ამერიკელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო, ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სამხედრო განათლებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობას და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ბაჩო ახალაიამ ამერიკის თავდაცვის ყოფილ მდივანს საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას საფუძველი სწორედ დონალდ რამსფელდის პენტაგონში ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტ ბუშის დროს ჩაეყარა.
დონალდ რამსფელდს ამერიკის თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა.
პირველად იგი პენტაგონს ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას 1975-1977 წლებში ხელმძღვანელობდა. მეორედ კი მან თავდაცვის მდივნის პოსტი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს 2001 წელს ჩაიბარა. 2007 წელს პენტაგონის ყოფილმა შეფმა „რამსფელდის ფონდი" დაარსა, რომელიც სწავლებას უფინანსებს კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში გადასვლის მსურველ პირებს. მისი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რამოდენიმე თანამშრომელიც გახდა.
ვიზიტის ფარგლებში დონალდ რამსფელდი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდა. ხვალ, 22 ივნისს, იგი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს" ესტუმრება. რამსფელდის ვიზიტი საქართველოში ერთ კვირას გაგრძელდება.