"ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ პოლიცია დაამახინჯა და პოლიტიზებული გახადა.
"როცა პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდი და მეკითხებოდნენ, ნუთუ არაფერია გაკეთებული საქართველოშიო, მუდამ ვასახელებდი ორ პროექტს - პატრულის, პოლიციის და ერთიანი ეროვნული გამოცდების. პატრული და პოლიცია მთლიანად დაამახინჯეს და პოლიტიზებული გახადეს. ერთიანი ეროვნული გამოცდები რჩებოდა ერთადერთ წარმატებულ პროექტად და აქაც კარგად გამომჟღავნდა ხელისუფლების დამოკიდებულება, როგორ უყურებენ და ვისი გაკეთებულია ეს რეფორმა - კარგად ჩანს", _ განაცხადა ივანიშვილმა მიმინოშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება მთლიანად მიმინოშვილის დამსახურებაა.
"ქალბატონი მაია 12 წელიწადია ამას ემსახურება და პრაქტიკულად, ეს მისი და მისი გუნდის გაკეთებულია. როგორი გუნდიც ჰყავს, ამ გუნდზედაც ბევრი ვისაუბრეთ. დამოკიდებულებები ჩემთვის იყო უნიკალური. უნიკალური იყო ზუსტად იმ კუთხით, რომ მეც ასე ვფიქრობ და მეც ასე მიმაჩნია. თქვენ წარმოიდგინეთ კომერციულ სტრუქტურაშიც კი მქონდა მე მსგავსი დამოკიდებულებები, რომ ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება და ყოველთვის იყო აზრთა ჭიდილი და ყოველთვის საღი აზრი იმარჯვებდა", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, ეროვნული ცენტრის წარმატება ხელისუფლების დამსახურება არაა.
"ხელისუფლების დამსახურება არ არის ის, რომ დღეს ასეთი ეროვნული გამოცდების ცენტრი გვაქვს. ამ საქმეში ქალბატონი მაიას და მისი გუნდის დიდი წვლილი იყო", _ განაცხადა ივანიშვილმა მიმინოშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.