ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდზე თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებაზე უარი არ უნდა თქვას.
ექსპერტის განცხადებით, ქართული მხარე ყურადღებით უნდა გაეცნოს აღნიშნულ დოკუმენტს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. არეშიძე მიიჩნევს, რომ თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებაზე პირდაპირ უარი თქმა მსოფლიოს მიერ სხვაგვარად იქნება აღქმული.
"ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა დოკუმენტზეა საუბარი. თუ იმ დოკუმენტზეა საუბარი, რომელიც აგვისტოს ომამდე იყო, ამ დოკუმენტის განხილვაზე საუბარი შესაძლებელია. იმიტომ, რომ ქართული მხარის მხრიდან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებაზე უარის თქმა ცოტა რთული საკითხი იქნება. შეიძლება დოკუმენტს ხელი მყისიერად არ მოეწეროს, მაგრამ უნდა განვიხილოთ რა პირობებზეა საუბარი. ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე პირდაპირ უარის თქმას მსოფლიო ვერ გაგვიგებს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ 28 იანვარს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ, მეცხრე რაუნდზე, მოსკოვი კვლად დაჟინებით მოითხოვს დაუყოვნებლივ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება - პაქტი საქართველო-აფხაზეთსა და საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობის შესახებ.