დღეიდან, 2010 წლის 22 იანვრიდან საქართველოს პარლამენტი დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ იქნება.
დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების შესახებ საქართველოს მხრიდან განცხადება ორგანიზაციაში 22 ივლისს შევიდა. არის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, წევრობა ამგვარი განაცხადის მიღებიდან ნახევარი წლის გახსლის შემდეგ წყდება.
საქართველო კვლავ რჩება იმ 75 ხელშეკრულების ერთგული, რომლებიც დსთ-ს ფარგლებშია გაფორმებული. ეს ხელშეკრულებები ეკონომიკურ ურთიერთობებს, რკინიგზის საბჭოში მონაწილეობას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაციას არეგულირებს. თან ეს ისეთი ხელშეკრულებებია, რომლებიც მათში ისეთ სახელმწიფოთა მონაწილეობას გულისხობს, რომლებიც დსთ-ს წევრები არ არიან.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა და დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.