„დავით გარეჯში წარმოქმნილ პრობლემებს საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ვერცერთი რუკა და დოკუმენტი ვერ მოაგვარებს. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა და მოლაპარაკებაა", - აცხადებს ექსპერტი სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებში კახა ხანდოლიშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ისტორიულად უდაბნოს მონასტერი ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო. თუმცა არსებობდა წლების მანძილზე სადავო საკითხები. მაგალითად, ამბობენ, რომ რამდენიმე მონასტერი და გამოქვაბულები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. აქ საუბარია საბჭოთა კავშირის რუკებზე, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა სხვადასხვა პერიოდის რუკა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგალითად, 1924 წლის რუკა - 1920 წლის რუკას ეწინააღმდეგება. ასევე, შესაძლოა, 50-იანი წლების რუკა 70-იანი წლების რუკას არ ემთხვეოდეს. თუ ამ რუკებს დავეყრდნობით, ახალი წითელი ხიდი რომ აშენდა, ის ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანის სასაზღვრო და საბაჟო პუნქტია განლაგებული, საქართველოს ტერიტორიად ითვლება. თუმცა, დღეს ამაზე არავინ დავობს. წლების განმავლობაში უდაბნოს მონასტერში შესვლის უფლება ორი ქვეყნის შეთანხმებას ემყარებოდა. სანამ სამუშაოები დასრულდებოდა, ტერიტორიაზე, რომელიც სადავოა, ქართულ მხარეს არ შეექმნებოდა პრობლემა, რომ მომლოცველები და ტურისტები უპრობლემოდ შევიდოდნენ იქ", - აცხადებს ხანდოლიშვილი.