"დავით გარეჯის აზერბაიჯანულად მოხსენიება შემაძრწუნებელია, არც კი ვიცი, ამაზე რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს! შემაძრწუნებელია!" _ აცხადებს საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი თამარ ჩხეიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
"შემაძრწუნებელია და იმის მაჩვენებელია, რომ ამ ხელისუფლებას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები აბსოლუტურად არ ანაღვლებს და ყველაფრის გაყიდვა შეუძლია!" _ აცხადებს ჩხეიძე და ეჭვს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილად რაღაც სახის გარიგებას ეხება.
"რა თქმა უნდა, რაღაც გარიგებასთან გვაქვს საქმე, ესენი, ეს ხელისუფლება ხომ, სამწუხაროდ, როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი, არ ეფუძნება სახელმწიფო და ევროვნულ ინტერესებს და ნებისმიერი ეროვნული ღირებულების გასხვისება და გაყიდვა შეუძლიათ თავიანთი მერკანტილური ინტერესების ფასად. ეს აღმაშფოთებელიც არ არის - ეს არის შემაძრწუნებელი ფაქტი, ეს არის სახელმწიფო ღალატი", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს არავითარი დავა ამ სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებაზე არ იყო. მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან სადავო მხოლოდ პატარა მონაკვეთი იყო და აზერბაიჯანს აზრადაც არ მოსდიოდა კომპლექსის დაპატრონება.
"განცხადება იმის შესახებ, რომ საბჭოთა პერიოდში არ შემოდიოდა გარეჯის ტერიტორია ჩვენს შემადგენლობაში, ეს არის ტყუილი. იყო რაღაც მონაკვეთი, რომელიც აგრეთვე ჩვენთვის ღირებული იყო, როგორც ისტორიული, რელიგიური და ხელოვნების თვალსაზრისით - ასეთი რაღაც მონაკვეთი იყო, რომელიც სადავო იყო და შესაძლოა მართლაც აზერბაიჯანში შედიოდა იურიდიულად, მაგრამ ახლა რა ტერიტორიებსაც ისინი აკონტროლებენ, ეს ტეროტორიები საბჭოთა პერიოდში სრულიად უდავოდ შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში და აზერბაიჯანლებს მაშინ აზრადაც არ მოსდიოდათ მათი დაპატრონება, მით უმეტეს, მესაზღვრეების ჩაყენება. ხოლო თუ ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აღიარებს, ეს შემაძრწუნებელი ფაქტია", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩხეიძე და სინანულით აღნიშნავს: დღეს რომ ქართული საზოგადოება არსებობდეს, ამ ფაქტს ადეკვატურ პასუხს უნდა სცემდეს.
"დღეს რომ საერთოდ ქართული საზოგადოება არსებობდეს, როგორც საზოგადოება, ამას ადეკვატურ პასუხს უნდა სცემდეს, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ქართულ საზოგადოებას დღეს შეუძლია ყოველივე ამას ადეკვატური პასუხი გასცეს", _ აცხადებს საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.