"დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია უძველესი დროიდან საქართველოს შემადგენლობაში იმყოფებოდა. ეს რომ ქართული ძეგლია, ამაზე დავა ცოტა უხერხულიც კია", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ისტორიკოსი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე.
"როდესაც კომუნისტური ჯარი შემოვიდა საქართველოში და როდესაც საზღვრებს ადგენდნენ, იყვნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები - ორჯონიკიძე, მახარაძე და სხვები, რომლებიც ძალიან თავისებურად უყურებდნენ ამ საკითხს. მიდგომა იყო ასეთი: რა მნიშვნელობა აქვს რესპუბლიკებს შორის საზღვრები რა იქნება, ძალიან მალე ჩვენ ერთი ხალხი ვიქნებით, ერთი ქვეყანა ვიქნებით და ეს საზღვარები მაინც მოიშლება, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართული ტერიტორიოის ნაწილი მაინც მიაკუთვნეს აზერბაიჯანს, ნაწილი კი სომხეთს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, "დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია უძველესი დროიდან საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა".
"ადრე ეს იყო ალბანეთის სამეფო, შემდეგ საქართველოს შემადგენლობაში, ეს იყო ქრისტიანული ქვეყანა სადაც მე-6 საუკუნიდან დაარსდა ქართული სამონასტრო კომპლექსი.
მე-19 და მე-20 საუკუნეებში ჩვენ გამოვიარეთ დიდი სირთულეები, მაგრამ აქ იყო ძალიან დაძაბული სამონასტრო ცხოვრება, მიმდინარეობდა ნაწარმოებების თარგმნა ახალი ნაწარმობების შექმნა. 1265 წელს ბექა ყაენმა დაანგრია, შემდეგ მაინც აღადგინეს, შემდეგ თემურ-ლენგმა დაანგრია - მაინც აღადგინეს. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენი ქართველი მოღვაწეები სულხან-საბა ორბელიანი ჩათვლით, მაგრამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მისცეს აზერბაიჯანს", _ აცხადებს აკადემიკოსი და სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს,რომ საქართველო ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აზერბაიჯანს სთავაზობდა, შემოეხაზა ბერთუბნის ეკლესია და ორი იმდენი მიწა მიეღო ქართული მხრიდან, მაგრამ აზერბაიჯანი ამაზე არ დასთანხმდა.
"ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, "ცეკას" მაშინდელმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეადგინა კომისია, ამ კომისიაში მეც ვიტყავი. ჩვენ დაგვევალა მოლაპარაკება ასეთივე კომისიასთან, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან იყო შექმნილი. მაშინ საკითხს ვაყენებდით ასე - ბერთუბნის ეკლესია, რომელიც არის XII-XII საუკუნეების დასაწყისის და სადაც იყო თამარისა და ლაშა-გიორგის ფრესკები, დაებრუნებინათ ჩვენთვის, ოღონდ როგორ - მე როდესაც იქ ვიყავი, მინდა გითხრათ, რომ ქვაღორღი იყო ეს ტერიტორია. ჩვენ მათ ვთავაზობდით: შემოხაზეთ ამ ეკლესიის ირგვლივ, რახელა ტერიტორიაც გინდათ, გნებავთ საძოვრებისათვის, გნებავთ სამიწათმოქმედო - ორ მაგდენს მოგცემთ. არ მოინდომეს. ასე რომ, მათთან ლაპარაკი ძალიან რთულია. მაშინ რთული იყო, ყოველ შემთხვეაში და დღეს რას მოახერხებენ, არ ვიცი", _ აცხადებს ლორთქიფანიძე და გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან დავით გარეჯის სამონასტრო რესპუბლიკის შექმნაში ხედავს.
"მე მითხრეს, რომ მესაზღვრეები დგანან. რამდენიმე წლის წინაც აგორდა ეს ამბავი და მე ვთქვი, რომ იმისთვის, რომ ეს საკითხი შედარებით უმტკივნეულოდ მოგვარდეს, უნდა შეიქმნას დავით გარეჯის სამონასტრო რესპუბლიკა, როგორც ათონის მთაზე. მაშინ ძალიან გამაკრიტიკეს ამის გამო, დაწერეს, რომ მარიკა ლორთქიფანიძეს დავით გარეჯი არ ენაღვლებაო. მე შეიძლება რამე შეცდომა მომივიდეს, მაგრამ "არ ენაღვლებას" თქმა ჩემ მიმართ - ცოტა უხერხულია", _ აცხადებს აკადემიკოსი და აღნიშნავს: "ახლაც მივიჩნევ, რომ თუ არაფერი გამოვა, იქნებ რესპუბლიკა სამონასტრო რესპუბლიკა მაინც შეიქმნას. მაქვს ინფორმაცია, რომ იქ როდესაც ტურისტებს მიჰყვება აზერბაიჯანელი გიდი, ის უხსნის მათ, რომ ეს არის აზერბაიჯანი და აზერბაიჯანული კულტურა, ჩვენი ქართველი გიდები კი ამბობენ, რომ ეს არის ქართული და ეს რომ ქართულია, ამაზე დავა ცოტა უხერხულია, მაგრამ ისინი ყველაფერზე დავობენ", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლორთქიფანიძე და დასძენს: თუ ამაზედაც ვერ შეთანხმდნენ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, "მაშინ არ ვიცი, რა უნდა ვქნათ - ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია".