აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს სოხუმში შეხვდა. როგორც აფხაზური მხარე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას იუწყება, თანათავმჯდომარეებმა ფილიპ ლეფორმა (ევროკავშირი), ანტი ტურუნენმა (გაერო) და ბადრიგ მერფიმ (ეუთო) აღნიშნეს, რომ "მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯენევის მოლაპარაკებათათა ფარგლებში იყოს საშუალება მუშაობისა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა".
"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთმა უკვე შემდგარ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტი წარმოადგინა. არის ცნობები, რომ ქართული მხარე ამზადებს თავის წინადადებებს ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს გარკვეული სიგნალები, რომ შეგვიძლია საერთო დოკუმენტის შემუშავება. ჩვენ ვეძებთ საშუალებებს, რომლებიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებენ", _ განაცხადა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანტი ტურუნენმა.
მათი ინფორმაციით, დიპლომატებმა ასევე გამოხატეს იმედი, რომ შეძლებენ კონტაქტების გაგრძელებას მანამ, ვიდრე ამ საკითხის პოლიტიკური ასპექტი არ იქნება მოგვარებული. "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროვოკაციებმა მოლაპარაკებათა გაგრძელებას ხელი არ შეუშალონ", _ განაცხადა ტურუნენმა.
თავის მხრივ, ამაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა ამ თემაზე "მეტი უნდა ისაუბრონ და იმუშაონ ქართულ მხარესთან, ვინაიდან კონფლიქტი მის მიერ არის დაწყებული და ისვე აგრძელებს აფხაზეთში მდგომარეობის დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ მუშაობას. უპირველეს ყოვლისა კი გალის რაიონში".
"ჩვენ არავითარი ინტერესი არ გაგვაჩნია იმისა, რომ კონფლიქტური სიტუაცია გავაღვივოთ. ჩვენ გვინდა, რომ საზღვარზე სიმშვიდე იყოს. საფრთხე ენგურის იქითა მხრიდან მოდის და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გალის რაიონში არ იყოს სიმშვიდე. ეს რაიონი მათთვის პლაცდარმია, თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად", _ განაცხადა ანქვაბმა.