დღეს სეპარატისტული სამხერთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ "დოკუმენტის თანახმად რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთის საზღვარს 5 წლის განმავლობაში დაიცავს და მისი მოქმედება მომდევნო ხუთწლიან პერიოდებში ავტომატურად გაგრძელდება".
"რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? საქართველო იურიდიულად ჩვენ არ გვაღიარებს. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა და მიმართვის მას ამის შესახებ საუბარის გაგონებაც არ სურს. ასევე არ სურს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ საუბარი. ამიტომაც ამ საკითხების მოგვარება ჩვენ თავად გვიწევს. იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ განხორციელდება მცოცავი ექსპანსია. საქართველოს თანდათან დაიწყებს ფეხის მოკიდებას სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონებში, შემდეგ კი შეეცდება თავისი გავლენა სამხრეთ ოსეთის მთელს ტერიტორიაზე გაავცელოს. ისტორია განმეორდება. ამიტომაც იმ გაუგებლობების თავიდან აცილების მიზნით რომელიც შეიძლება განხორციელდეს ჩვენ ჩვენი საზღვარი ბოქლომზე უნდა დავკეთოთ, შექმნათ საკონტროლო-გამშვები პუნქტები და მოქალაქეები საზღვრის ორივე მხარეს კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით გადავუშვათ. ყველაფერი იქნება ისე როგორც ცივილიზებულ სახელმწიფოებშია",_ განაცხადა კოკოითის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იური ძიცოითმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოს და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებთან ედუარდ კოკოითთან და სერგეი ბაღაფშთან ერთად ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ.