ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. თანათავმჯოდმარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), პოდრიგ მერფი (ეუთო) და ანტი ტურუნენი (გაერო) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ, რომელიც მცირე ხნის წინ, ოს სეპარატისტთა ლიდერის " ადმინისტრაციის ხელმძღვანელად" დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩოჩიევმა თანათავმჯდომარეებს ცხინვალის რეგიონში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია გააცნო და ასევე "საქართველოსთან არსებულ საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა". განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და მათი სარგებლიანობა აღნიშნეს.
ოსური მედიის ინფორმაციითვე, ამ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებთა მორიგი რაუნდის დღის წესრიგი. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7 ივლისს უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.