საქართველოს მორაგბეთა 2012 წლის საგაზაფხულო ტურნირის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურმა, იმ გუნდების ნახევარფინალში დაწყვილება უნდა უზრუნველყოს, რომლებსაც თავ-თავიანთი ჯგუფებიდან უკვე გარანტირებული აქვთ თასისა და მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელება. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა „ავჭალაზე" გამართული თბილისური გუნდების, „არმიასა" და „ლელოს" დაპირისპირება.
მეტოქეები ბოლო მატჩამდე დაუმარცხებლები იყვნენ, თუმცა „ლელოს" 1 პრემიალური ქულით მეტი ჰქონდა მოპოვებული. დაძაბული პაექრობის ბოლო წუთისთვის არმიელები 21:15-ს იგებდნენ, მაგრამ ლელოელებმა ჯერ დამაგვირგვინებელი ლელო დადეს მოწინააღმდეგის ჩათვლის ტერიტორიაზე, მერე კი რეალიზაციაც ზუსტად შეასრულეს. საბოლოოდ, „ლელომ" „არმია" 22:21 დაამარცხა და კვირას, ქუთაისში გასამართავი მატჩის მოლოდინშია. ადგილობრივი „აია", რომელიც II ექვსეულს 20 ქულით ლიდერობს, 18-ქულიან დედაქალაქურ „ლოკომოტივს" უმასპინძლებს. ამ ჯგუფის პირველადგილოსანი შემდეგ ეტაპზე „არმიას" დაეჭიდება, მეორეზე გასული - „ლელოს".
ორმატჩიანი ნახევარფინალები 12-13 და 19-20 მაისს გაიმართება, საფინალოდ კი ამ მომენტისთვის ორი სავარაუდო თარიღია - 26 ან 27 მაისი.