საქართველოში სტუმრად მყოფი ინგლისური სარაგბო კლუბ „სევენოაკის" (შვიდი მუხა) ვეტერანთა გუნდმა „აკრონს" (რკოები), მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც დამარცხდა. კენტის საგრაფოს წარგზავნილებს, 5 მაისს, „ავჭალაზე" ქართული სამოყვარულო გუნდი „ბარბაროსები" დაუპირისპირდა და 22:3 მოუგო.
ინგლისელთა ქართული ტურნეს პირველ მატჩში, რომელიც ორიოდე დღის წინ „შევარდენის" სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგა, „რკოების" მეტოქე „დევები" გახლდათ. ქართველებმა მაშინ ცოტა უფრო მოკრძალებულად იმარჯვეს - 31:14.
ავჭალური დაპირისპირების დასკვნით ნაწილში, სტუმარ-მასპინძელმა, სპეციალურად ინგლისელთა სტუმრობისთვის გურიაში დამზადებული თითქმის 5-კილოგრამიანი ბურთით, ერთმანეთში ლელო გააჩაღეს. 10-10-წუთიანმა ტაიმებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 3:3.
„რკოების" საქართველოში სტუმრობა ქართველი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის დამსახურებაა. ინგლისში, ოჯახთან ერთად ცხოვრებისას, იგი 2008-2009 წლებში ამ კლუბის ღირსებას იცავდა.