ნიგერიის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი რაშიდი იეკინი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტსახელად "მარტორქა" იეკინი რეკორდსმენია ნიგერიის ნაკრებში გატანილი გოლების მხრივ - 58 მატჩი, 37 გოლი. ამ ფორვარდმა მსოფლიოს 1994 და 1998 წლების ჩემპიონატებში მიიღო მონაწილეობა.
იეკინი ბოლო დროს სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებებს უჩიოდა - მძიმე ფორმებში ჰქონდა და ექიმები ბოლომდე ვერ კურნავდნენ. რაშიდი პარასკევს ნიგერიის ქალაქ იბადანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1994 წელს "სუპერარწივებს" მართლაც ბრწყინვალე გუნდი ჰყავდათ: ალბათ, საუკეთესო ნაკრები, რაც კი ოდესმე რომელიმე აფრიკულ ქვეყანას ჰყოლია. იმ მუნდიალის პირველ მატჩში ნიგერიელებმა 3:0 გაანადგურეს ბულგარეთი და პირველი გოლი სწორედ იეკინიმ გაიტანა, გოლი კი კარის ბადეზე შემოხვევით და ლოცვით აღნიშნა.