აფხაზეთში 27 სირიელი აფხაზი ჩავიდა, მათ შორის 12 ბავშვია, ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგე ინარ გიცბა აცხადებს, რომ ეს ორი ე.წ. სამთავრობო მისიის მუშაობის შედეგია. მისივე თქმით, პირველი მგზავრობისას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სირიაში არსებული სიტუაცია გაარკვიეს, მეორე მისიის დროს კი დაბრუნების მსურველთა სიები შეადგინეს.
"თუმცა ყველას ერთ მომენტში დაბრუნება არ სურდა. ამიტომაც ჩვენ დაბრუნების პროცესი სამ ეტაპად დავყავით. ამ ჯერზე 27 ადამიანი - 12 ოჯახი დაბრუნდა", _ აცხადებს გიცბა და აღნიშნავს, რომ სირიიდან დაბრუნებულ აფხაზთა შორის არიან ისეთი გვარების წარმომადგენლები როგორებიცაა მარშანი, გეჩბა და არიუტაა.
სეპარატისტები სირიელ აფხაზებს სოჭის აეროპორტში დახვდნენ.
"თქვენ თქვენს სამშობლოში დაბრუნდით. ეს თქვენი მიწაა", _ განაცხდა ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ადლეიბამ. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აფხაზეთში სირიიდან კიდევ ერთი ჯგუფი ჩავა. სულ მიმდინარე წლის განმავლობაში აფხაზეთში 100 სირიელის ჩასვლა იგეგმება.
ადლეიბას განცხადებით, დაბრუნებულები ოთხი თვის განმავლობაში სასტუმრო "აიტარში" იცხოვრებენ სადაც ადაპტაციის პროცესს გაივლიან. ისინი შეისწავლიან აფხაზურ ენას და ექნებათ გასვლები აფხაზეთის სანახავად და ხალხის გასაცნობად.
აღსანიშნავია, რომ სირიელი აფხაზების ჩაასხლებას სეპარატისტული მთავრობა გულრიფშის რაიონში აპირებს. ამასთან ერთად, "სირიელ აფხაზებს", რომლებსაც აფხაზეთში ჩამოსასვლელად ფული არ აქვთ, ამ თანხას თავად სეპარატისტები მისცემენ.
აღსანიშნავია, ასევე რომ რამდენიმე ხნის წინ სეპარატისტულ აფხაზეთში დამასკოდან ჩასული აფხაზური დიაპორტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ესხან აგრბა და მის ორი დის - მახასა და მუხიბას აფხაზეთში ჩასვლის მიზანი აფხაზეთში არსებული სახოვრებელი პირობების გაცნობა იყო, რათა მათ ამის შესახებ მოგვიანებით სირიაში მცხოვრები თავიანთი თანამემამულეებისთვის მოეთხროთ.
"აფხაზეთი ჩვენი მიწაა და გვინდა რომ ის ყვაოდეს. აქ ჩამოსვლა ჯერ კიდევ მამაჩემს სურდა, მაგრამ მან ამის გაკეთება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მე შევასრულე მამაჩემის სურვილი", _ აცხადებდა ესხან აგრბა.
სირიელმა აფხაზებმა გვირგვინებით შეამკეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპული აფხაზი ბოევიკების მემორიალი. მათ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის საფლავებიც მოინახულეს. აფხაზეთში ჩასულმა სირიელმა აფხაზებმა ე.წ. აფხაზური პასპორტების მიღების სურვილი გამოთქვეს და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთი ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ მზადაა სირიაში მცხოვრები აფხაზი ეროვნების "თანამემამულეების" "ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას" ხელი შეუწყოს. მიმდინარე წლის 22 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიიდან აფხაზეთში ორი აფხაზი უკვე "დაბრუნდა". ნიშან ვანაჩა და შამილ მარშანი - ეს ის აფხაზები არიან, რომლებმაც "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნება გადაწყვიტეს და გააკეთეს განცხადება, რომ მალე აფხაზეთში თავიანი ოჯახის წევრებსაც ჩამოიყვანენ.
ნიშან ვანაჩა არქიტექტორია, შამილ მარშანმა კი ინდუსტრიული კოლეჯი საამთავრა. ამჟამად ისინი სოხუმში დასასვენებელ სახლ "აფხაზიაში" ცხოვრობენ. ნიშან ვანაჩას განცხადებით, იგი იმისთვის დაბრუნდა აფხაზეთში, რომ მთელი მისი ოჯახისთვის დაბრუნების საფუძველი მოამზადოს. მისი თქმით, მალე აფხაზეთში ჩამოსვლას ასევე გეგმავს მისი ორი ძმიშვილი.