საქართველოს საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი - ანა ტატიშვილი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში, იტალიელ სარა ერანისთან, ორ სეტში - 2:6, 1:6 დამარცხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირის ბოლოსწინა ეტაპამდე გააღწია.
ბუდაპეშტის გრან-პრის 220-ათასდოლარიანი ტურნირის ნახევარფინალში გასვლისთვის, ქართველი ჩოგბურთელი 130 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ეს კი, არსებულ 772 ქულაზე მიმატების შემდეგ, ანა ტატიშვილის ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ამაღლებს.
ცნობილია, რომ ზაფხულის ოლიმპიური ტურნირის ბადე, 11 ივნისს გამოსაქვეყნებელი რეიტინგის მიხედვით შედგება. მასში პირდაპირ დაიშვება 56 მოწინავე ჩოგბურთელი, დარჩენილი 6 საგზური კი, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო მატჩების გამარჯვებულებსა და სპეციალური მიწვევის მქონე სპორტსმენებზე განაწილდება. თანაც, მსოფლიო ჩოგბურთის მესვეურებს ერთი შეზღუდვაც აქვთ - ერთი ქვეყნიდან, ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირზე, 4 ჩოგბურთელზე მეტი ვერ ითამაშებს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში 81-ე ადგილზე მყოფ ანა ტატიშვილს, ოლიმპიური ლიცენზიის მიღების კარგი შანსი გაუჩნდა. მით უფრო, ბუდაპეშტის გრან-პრიზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ იგი 70-ეულში შესვლას მოახერხებს.