"იმაზე საუბარი თუ როდის განახლდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრები ჯერ ნაადრევია", - ეს განცხადება სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ინციდეტების პრევენციისა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა და ე.წ. გალის შეხვედრების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა სოხუმსა და მოსკოვს დააკისრა.
"შეხვედრა ქართულ მხარეს არ ჩაუშლია. შეხვედრა აფხაზურმა მხარემ ჩაშალა. ეს არ იყო ქართული მხარის გადაწყვეტილება, ამიტომაც პასუხისმგებლობა შეხვედრების ჩაშლაზე ეკისრება სოხუმსა და მოსკოვს.
ჩვენთვის მომავალი შეხვედრის შესახებ ცნობილი არაფერია და იმაზე საუბარი თუ როდის განახლება შეხვედრები ჯერ ნაადრევია", _ განაცხადა უტიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ "ძალიან არ უნდათ", რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებმა მუშაობა შეწყვიტონ.
ამავე დროს ამჟამად სოხუმში იმყოფება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი. აფხაზური მედია იუწყება, რომ ევროკავშირის წამომადგენლის აფხაზეთში ვიზიტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს განახლების საკითხთანაა დაკავშირებული.
ლეფორი სოხუმში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს ხვდება.