უეფა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო "ევრო- 2012"-ის სხვა წელს ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ უეფას წარმომადგენელმა მარტინ კალენმა განაცხადა.
მან დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებებისა და იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილი ვითარების კომენტირებისას არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ უეფამ ჩემპიონატი სხვა წელს ჩაატაროს.
"ჩვენ ყოველ დღე ვაკვირდებით მოვლენებს. პლატინი ამ საკითხს ძალიან სერიიოზულად უყურებს. თუ ვითარება სახიფათო იქნება, ჩემპიონატი არ ჩატარდება", - განაცხადა კალენმა.
მისი თქმით, ჯერ ჯერობით ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანის ვარიანტი არ დგას, თუმცა ეს არ გამოირიცხება.
კალენის განმარტებით, ჩემპიონატის სხვაგან გადატანა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას უკავშირდება და ამის რეალიზება უმოკლეს ვადაში შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღებში იტალიისა და გერმანიის პოლიტიკოსებმა მოუწოდეს ევროკავშირს ტიმოშენკოს საქმის გამო მოახდინონ ევრო-2012-ის ბოიკოტირება. ვითარება ასევე გაამწვავა 27 აპრილს დნეპროპეტროვსკში მომხდარმა აფეთქებებმა.