"საქართველოს ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს თავის გამუდმებულ მცდელობებს დაადანაშაულოს რუსეთი და მოიგონოს არარსებული ისტორიები", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ასეთი კომენტარი გააკეთა ლუკაშევიჩმა საქართველოს ტელერადიოკომპანია „მირთან" დაკავშირებული შეთანხმებიდან გამოსვლაზე.
მისი აზრით, არაფერ სერიოზულს ეს ნაბიჯი არ გამოიწვევს. "ტელერადიოკომპანია "მირ"-ი მომავალშიც იარსებებს. ჩვენ მას აქტიურად დავუჭერთ მხარს, მით უფრო რომ კოლეგები ხშირად აქტიურად და ეფექტურად აშუქებენ ღონისძიებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველო ტელერადიოკომპანია „მირთან" დაკავშირებული შეთანხმებიდან გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს ქ. აშხაბადში ხელმოწერილი „სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის" საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ" შეთანხმების მოქმედება.