ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონის ხელმძღვანელად სერგეი ანატოლის ძე სანაკოევი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ადრე სანაკოევი ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნოდარ ლაფერის ძე გოჩიევის პირველი მოადგილის თანამდებობაზე იყო. გოჩიევი თიბილოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ადმინისტრაციის უფროსად სერგეი სანაკოევის დანიშვნას ახალგორელები დადებითად აფასებენ. სანაკოევი ქართულ ენაზე ლაპარაკობს.
ამას გარდა, ოსური მხარე იუწყება, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის ე.წ. ადმინისრაციის ხელმძღვანელიც გამოცვალა. მან ამ თანამდებობიდან ინალ გაბარაევი მოხსნა და მის ნაცვლად ვიტალი ფლიევი დანიშნა.