ოს სეპარატისტების სურვილი - ცხინვალის რეგიონისა (საქართველო) და ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთი) დამაკავშირებელი როკის გვირაბის სამწლიანი რეკონსტრუქციისთვის დახურვა ორი კვირით გადადებულიყო - რუსულმა მხარემ არ დააკმაყოფილა.
რუსული მხარის მიერ 24 აპრილის 12:00 საათზე გვირაბის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
თავის დროზე ამ გვირაბის დახურვის შესახებ რუსული მხარის მიერ "სეპარატისტების დაუკითხვად" გადაწყვეტილების მიღებამ ისინი გაანაწყენა. მათ ამ გადაწყვეტილებას "მიუღებელი" და "სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი" უწოდეს.
დღესვე ოსმა სეპარატისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოს სეპარატისტთა ახალმა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ფედერალური დაწესებულება "ჩრდილო კავკასიის ფედერალური გზების" ხელმძღვანელს გაიოზ მაკიევს დაურეკა და გვირაბის დახურვის ვადებზე საუბარი გამართა. როგორც ჩანს, თიბილოვმა მაკიევთან საუბრისას ვერაფერს მიაღწია, ვინაიდან ახლა უკვე თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ როკის გვირაბი 24 აპრილიდან დაიხურება და ცალმხრივი საავტომობილო მოძრაობის გრაფიკს აქვეყნებს.
თუმცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა "მინისტრი" ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გაირკვევა, შეიძლება თუ არა გვირაბის დახურვა სამწლიანი ვადით", _ აცხადებს ბიბილოვი და აღნიშნავს, რომ მოძრაობა რევერსულად განხორციელდება - სამი საათი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით და სამი საათი რუსეთის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ განცხადება როკის გვირაბს დახურვის შესახებ რუსეთის ფედერალური დაწესებულებაში "ჩრდილო-კავკასიის ფედერალური გზებმა" გაავრცელეს.
მათი ინფორმაციით, როკის გვირაბის მონაკვეთზე მოძრაობა სპეციალური გრაფიკით განხორციელდება. კერძოდ, ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის მიმართულებით ავტომობილები გარკვეულ დროს წავლენ და რუსეთიდან მომავალი ავტომობილებისთვისაც გარკვეული დრო დაწესდება. აღნიშნულია ისიც, რომ მოძრაობა ნებადართული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული გაბარიტების ავტომობილებისთვის იქნება.
სპეციალისტების ინფორმაციით, 25 წელზე მეტი ხნის ფუნქციონიტერების შემდეგ გვირაბი ავარიული გახდა, მისი ინფრასტრუქტურა მოძველდა. გასაკეთებელია ჰიდროიზოლაცია, ელექტროობა და ვენტილაცია, დასაგებია გზის საფარი. აღდგენილი როკის გვირაბის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღად 2015 წელი სახელდება.
როკის გვირაბის სიგრძე 3,7 კილომეტრია და მისი რეაბილიტაცია დაახლოებით 18 მილიარდი რუსული რუბლი დაჯდება. გვირაბის რუსეთის ფინანსებით გარემონტდება.