ხვალ, 18 აპრილს, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აჭარას ესტუმრება და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას მოინახულებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ქსიაო ჟაოს საქართველოში ვიზიტის ფორმატში დაგეგმილია დაფინანსების ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობლობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილია შემდეგი მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელება: თბილისი-რუსთავის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ნაპირდაცვა, ხიდების მშენებლობა და სხვა. დაწყებულია მუშაობა, წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით ქუთაისში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში და ურეკი-შეკვეთილში. განიხილება თანამშრომლობის შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში, ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება აზიის განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში საბანკო და საწარმოო სექტორის დაკრედიტების კუთხით.