20 იანვარს ბაქოში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 20 წელი სრულდება. 20 წლის წინ, ამ დღეს, ქალაქ ბაქოში 60 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი შევიდა.
საბჭოთა რეჟიმის მიერ გამოვლენილი არაადამიანურობისა და სისასტიკის გამო, მოკლული იქნა 134, ხოლო დაჭრილი 700 ადამიანი, რომელითა შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების ქალები და ბავშვები.
"თუმცა ამან ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანელი ხალხის მიერ გმირობისა და მამაცობის გამოვლენას. აზერბაიჯანის მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობა გმირების სიცოცხლის საფასურად იქნა მოპოვებული. ეს თარიღი აზერბაიჯანის ისტორიაში იმ გმირების (შეხიდების) ხსოვნის დღედ აღინიშნება, რომლებიც საბჭოთა ჯარის ხელით დაიღუპნენ", _ იუწყება აზერბაიჯანის რეპუბლიკის საელჩო საქართველოში.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანის ყველა მეგობარ ქვეყანაში, ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. საქართველოში აზერბაიჯანელ გმირებთან ერთად ასევე გაიხსენებნ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და რეინტეგრაციის სამინისტროთან ერთად 20 იანვრისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ატარებენ. აღნიშნულ ღონისძიებებში იგეგმება საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, რეგიონული განვითარების მინისტრისა და ქართველ პარლამენტართა მონაწილეობაც.
19 იანვარს აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ძეგლს გვირგვინებით შეამკობენ. იგეგმება ასევე მრგვალი მაგიდის გამართვა.