აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში აფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა 12 აპრილს 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველა დაკავებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები არიან.
აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულების მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკავებულების ვინაობა ჯერ ჯერობით არ ხმაურდება.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულების საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ავტომატები, პისტოლეტები, მჭიდები, ტყვია-წამალი, ღამის ხედვის მოწყობილობები და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები.
აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს რუსულმა მედიამ აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ანქვაბზე თავდასხმაში 5 ადამიანის დაკავების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.