"ქართულ-აფხაზური დარეგულირების გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელისათვის დიტერ ბოდენტისათვისა და ბუნდესტაგის დეპუტატისათვის ვიოლა ფონ კრამონისათვის საქართველოში ჩასვლის აკრძალვა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ კაპრიზულ და არაპროგნოზირებად სახელმწიფოსთან უწევს აფხაზეთს მეზობლობა", _ ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა თუ ვისთან გვაქვს საქმე, საქართველოს ლიდერებთან, რომლებიც ვერავითარ განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისივე თქმით, გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი არის ცნობილი ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში და მან კარგად იცის აფხაზეთის პრობლემები. ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი კი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონტაქტების დამყარებას უჭერს მხარს - ეს კი საქართველოს არ აწყობს.
შეგახსნებთ, რომ დიტერ ბოდენი გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იყო 1999-2002 წლებში და სწორედ ის ხელმძღვანელობდა გაეროს მისიას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში. სწორედ დიტერ ბოდენის მიერ იყო შემუშავებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, რომელიც საქართველოს ფედერაციულ მოწყობას გულისხმობდა.
ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარშალის ფონდის დელეგაცია დიტერ ბოდენის გამო არ მიიღო სიმართლეს არ შეესაბამება. მარშალის ფონდმა თავად გადაწყვიტა ვიზიტის გაუქმება იმის გამო, რომ დელეგაციაში ბოდენი იყო.
საქართველო გერმანიის მარშალის ფონდთან, ისევე, როგორც რობერტ ბოშის ფონდთან მჭიდროდ თანამშრომლობს. რაც შეეხება დიტერ ბოდენს, ის საჯაროდ აკრიტიკებს ქართული მხარის ინიციატივებს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ბოდენი "ილუზორულს და "ხორცშეუსხმელს" უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
ბოდენი თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას ადარებს. ის ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ.