დიმიტრი ბასილაიამ „ედინბურგთან" ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველ მორაგბესა და შოტლანდიურ კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რომ მომავალი სეზონიდან ბასილაია, შოტლადიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდოდა, ახლა კი ეს შეთანხმება ქაღალდზე რატიფიცირდა.
26 წლის ბასილაია ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილია, საქართველოს ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოჩნდა და თავი განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა 2011 წლის მსოფლიოს თასზე, სადაც ოთხიდან სამ თამაშში 8 ნომრის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა და ინგლისის ნაკრებს ეფექტური ლელო დაუდო.
ბასილაიას უცხოური საკლუბო კარიერა საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონის, ფედერალ ერთის გუნდებში აქვს გატარებული. ახლა იგი „ვალანს დაჟენში" თამაშობს და თავდაპირველად ამ კლუბს არ სურდა მისი „ედინბურგში" გაშვება, მაგრამ ბოლოს დათანხმდა.
„ედინბურგი" ბასილაიასთვის სულ სხვა დონეზე თამაშს ნიშნავს. ეს შოტლანდიის ორი საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთია და რეგულარულად თამაშობს ევროტურნირებზე.
„ედინბურგმა" რამდენიმე დღის წინ სენსაცია მოახდინა, როდესაც „ჰეინეკენის თასის" მეოთხედფინალიდან გააგდო ფრანგული გრანდი „ტულუზი" და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რაც შოტლანდიური კლუბებისთვის ისტორიული მიღწევაა.
შოტლანდიურ გუნდს წვრთნის ირლანდიელი სპეციალისტი მაიკლ ბრედლი, რომელიც 2011 წელს რიჩი დიქსონის ასისტენტად მუშაობდა საქართველოს ნაკრებში და ბასილაიას ძლიერ გუნდში გადასვლაც მისი დამსახურებაა.
მასალის გამოყენების პირობები