საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ხაბაზმა ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით, სიყალბეში დაადანაშაულა.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა,
ამ ადამიანებს 9 აპრილი არასოდეს გახსენებიათ, დღეს კი ,,ვითომ აწუხებთ".
,,ახლა მოდიან და ნიანგის ცრემლებს ღვრიან. დიახ, უსუფაშვილზე მოგახსენებთ, რომელიც 10 აპრილს კომუნისტური პარტიის რიგებში გაწევრიანდა. დიახ, ივანიშვილზე მოგახსენებთ, რომელსაც ერთხელაც არ გახსენებია 9 აპრილი და პირსისხლიან ჯალათს - გენერალ ლებედს აფინასებდა. რა შეფასება უნდა მიეცეს ქართული ოცნების ამ საქციელს, რომელსაც რუსულ ოცნებას ვეძახი? არც ის გამიკვირდებოდა, როდიონოვი და ლებედი რომ მოეყვანათ და ნიანგის ცრემლებით აეტირებინათ ისინი. ვერასდროს შევეგუები იმას, რომ 9 აპრილი გახდეს სიყალბე და ფარისევლობის არენა გაპოლიტიკოსების მსურველთათვის", - აღნიშნა ხაბაზმა.
მისი თქმით, მიტინგებზე გამოსვლისას ყოველთვის ამთავრებს სიტყვებით: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! თუმცა დღეს აქტუალურია მეორე ლოზუნგი.
,,ცხინვალსა და აფხაზეთში კიდევ დგას საოკუპაციო ჯარი, ამიტომ: ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან!" - დასძინა დეპუტატმა.