"აფხაზეთი აფხაზების გარეშე ეს სოჭი ან ადლერი იქნება. აფხაზეთში აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზია", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა პორტალ "ვესტიკავკაზასთან" საუბრისას.
"აფხაზეთში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უმრავლესობა ეთნიკურად აფხაზია. აფხაზები მოსახლეობის ბოლო აღწერით აქ მოსახლეობის უმრავლესობაა. ომის შემდეგაც კი, 1992-1993 წლებში, აფხაზები იყვნენ და არიან კიდეც ყველაზე მეტად პოლიტიკურად აქტიური ძალა აფხაზეთში. ხოლო თუ ომზე ვისაუბრებთ, მებრძოლთა და დაღუპულთა უმრავლესობაც ეთნიკური აფხაზები არიან. აფხაზეთი აფხაზების გარეშე ეს სოჭი ან ადლერი იქნება", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისი თქმით, აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნებები პოლიტიკურად აქტიურნი არ არიან. რუსული სათვისტომო მცირერიცხოვანია, სომხური მხოლოდ ნაწილობრივაა წარმოდგენილი - ყველა ეს ფაქტორი ძალთა გადანაწილებაზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს.
"ხელისუფლების ორგანოებში ეთნიკური მთავალფეროვნებისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ არსებული სიტუაციის შეცვლა რაიმე კანონებით და დადგენილებით ვერ მოხდება, ეს ევოლუციური გზით უნდა მოხდეს",_ აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.